კატეგორია > პასუხები
28. იყო თუ არა ალლაჰი მთვარის ღვთაება?
ისლამოფობები ერთმანეთს ესესხებიან და აქტიურად ამტკიცებენ, რომ "ალლაჰი იყო მთვარის ღვთაება, რომელსაც პრეისლამურ ეპოქაში თაყვანს სცემდნენ არაბები და ისლამშიც სწორედ აქიდან იღებს სათავეს ალლაჰზე თაყვანისცემა, რომელიც სინამდვილეში მთვარის ღვთაებაა"..
ალლაჰი ბრძანებს: ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს (ყურანი სურა ფათიჰა-1)
მუსლიმებისთვის ცხადია თუ ვინ არის ალლაჰი, და არავისში იწვევს ეჭვს, რომ ის არის ერთადერთი შემოქმედი, ჭეშმარიტი ღვთაება, ძლევამოსილი, ყოვლად უნაკლო.. ეს ასევე არაბმა ქრისტიანებმაც კარგად იციან. ამიტომ მოდი ვნახოთ, თუ რას ამბობს ბიბლიის მკვლევარი Rick Brown:
ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ალლაჰი - წარმართული ღვთაებაა, უპირველეს ყოვლისა, მთვარის ღმერთი, ხშირად თავიანთ მტკიცებულებას ამყარებენ იმ ფაქტზე, რომ ნახევარმთვარის სიმბოლო ამშვენებს მრავალი მეჩეთის გუმბათს და ფართოდ გამოიყენება ისლამის სიმბოლოდ. მართლაც, ისლამის გამოჩენამდე, ახლო აღმოსავლეთში თაყვანს სცემდნენ უამრავ "ღვთაებებსა" და კერპებს, მაგრამ მთვარის ღმერთის სახელი იყო სინ და არა ალლაჰი და ის არ იყო განსაკუთრებით პოპულარული არაბეთში, ისლამის სამშობლოში. მექაში ყველაზე გამორჩეული კერპი იყო ღვთაება სახელწოდებით ჰუბალი, და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის იყო მთვარის ღვთაება. ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ ხაცორში, პალესტინაში, არსებობს მთვარის ღვთაების ტაძარი. ეს ეფუძნება მთხოვნელის გამოსახულებას, ნახევარმთვარის კულონით. თუმცა, გაურკვეველია განასახიერებს თუ არა კულონი მთვარის ღმერთს და ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის არაბული რელიგიური ადგილი, არამედ უძველესი ქანაანური ადგილია, რომელიც გაანადგურა იესო ნავეს ძემ ძვ.წ. 1250 წელს. ...თუ უწინდელი არაბები ასობით კერპს სცემდნენ თაყვანს, მაშინ უდავოდ შედიოდა მათში მთვარის ღვთაება სინ, რადგან ებრაელებიც კი მიდრეკილნი იყვნენ მზის, მთვარისა და ვარსკვლავების თაყვანისცემაზე, მაგრამ არ არსებობს ნათელი მტკიცებულება, რომ მთვარის თაყვანისცემა ცნობილი იყო არაბებში, ან რომ ნახევარმთვარე გამოიყენებოდა მთვარის ღმერთის სიმბოლოდ. ალლაჰი ნამდვილად არ იყო მთვარის ღმერთის სახელი."
იხილეთ: Brown, "Who Is "Allah"?", International Journal of Frontier Missions, 2006, Volume 23, No. 2, p. 79.
ბევრი ადამიანი შეცდომაში შეჰყავს იმას, რომ დღეს მეჩეთებზე ნახევარმთვარეა გამოსახული, მაგრამ ეს სიმბოლო მოგვიანებით, განსაკუთრებით ოსმალეთის იმპერიის პერიოდში დამკვიდრდა. ყურანში ან შუამავალი მუჰამადის ﷺ სუნნაში არ არსებობს მითითება, რომ ნახევარმთვარე ისლამის რელიგიური სიმბოლოა.
ის აზრი, რომ „ალლაჰი იყო მთვარის ღვთაება“ არ არის ისტორიულად დამტკიცებული, და ლოგიკურადაც სუსტი არგუმენტია და ყურანის სწავლებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ისლამში ალლაჰი არის ერთადერთი ღმერთი, ყველაფრის შემოქმედი.
და ალლაჰმა უკეთ იცის